1.რა არის მუქი ფერის ნადების მიზეზი?

მუქი ფერის ნადები, რომელიც უფრო მეტად კბილის ყელთანაა ლოკალიზებული და ღრძილის კიდეს მიჰყვება, ხშირადაა მშობლების შეშფოთების მიზეზი. თუმცა მუქი ფერის ნადები,  მოზრდილ პაციენტებშიც არაა იშვიათი მოვლენა.
ნადების მუქ შეფერილობას იწვევს აქტინომიცეტის ტიპის ქრომოგენული ბაქტერიები, რომელთა ცხოველქმედების პროდუქტები იერთებენ პირისღრუში არსებულ რკინას და ნადებს მუქად ფერავენ. რკინის წყარო პირის ღრუში შეიძლება იყოს საკვები პროდუქტები, მინერალური წყალი, რკინის შემცველი პრეპარატები.
 
ასეთი სახის ნადები, ისევე როგორც ყველა სახის ნადები ბაქტერიების წყაროს წარმოადგენს და კარიესის გამომწვევი ფაქტორია. ამიტომ მისი მოშორება აუცილებელია.
 
გამოსავალი, რათქმაუნდა არ არის რკინის შემცველი პროდუქტების, მინერალური წყლისა და პრეპარატების მიღების შეწყვეტა. იგი ძალიან მნიშვნელოვანი ელემენტია ადამიანის ორგანიზმის სწორი ფუნქციონირებისთვის.
 
ბაქტერიების განადგურება შესაძლებელია ანტიბიოტიკების საშუალებით და ასეც ხდება ხშირად, ზოგიერთი სახის ანტიბიოტიკოთერაპიის შემდეგ. მაგრამ მთავარი “დამნაშავე” თავად ნადებია და არა მისი მუქი შეფერილობა. ამიტომ მისი მოშორება უნდა მოხდეს ჩვეულებრივ, პროფესიული წმენდის საშუალებით ექიმ–სტომატოლოგის მიერ. ხოლო ხელახლა გაჩენის თავიდან ასაცილებლად საჭიროა უკეთესი ჰიგიენის დაცვა და კბილების სწორედ გახეხვა.
 
როგორც ზრდასრულებისთვის, ასევე ბავშვებისთვისაც, აუცილებელია კბილების პროფესიული გაწმენდა სტომატოლოგთან, პროფილაქტიკისთვის კი საჭიროა, რომ მშობელმა აკონტროლოს კბილების წმენდის ხარისხი, ხშირად მისცეს ხისტი პროდუქტები საღეჭად (ვაშლი, სტაფილო...).
 
რაც მთავარია, არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენოთ ნადების მოსაცილებლად სახლის პირობებში (წყალბადის ზეჟანგი, სოდა, ლიმონმჟავა), რამაც შეიძლება გამოიწვიოს მინანქრის და ლორწოვანი გარსის დაზიანება.